ინფრასტრუქტურის სამინისტროს ისევ ძინავს

ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი 80 კაპიტალური პროექტიდან 65 პროექტის თანხის ნახევარი ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული.

როგორც საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იტყობინებიან, 400 მილიონზე მეტი ღირებულების, 27 პროექტისთვის გათვალისწინებული თანხა, 6 თვის მონაცემებით საერთოდ არ გამოუყენებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოცდაშვიდივე პროექტი დღესაც იმ ეტაპზეა, სადაც 6 თვის წინ იყო. გაჩერებულ, თუ ჯერ კიდევ დაუწყებელ პროექტთა სიაშია:

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა;
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობა;
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბათუმი (ჭოროხი) -სარფის მონაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა;
თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22-კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა;
ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია;
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა;
ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია;
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი);
თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.

საბოლოო მონაცემების მიხედვით, 26 პროექტში გამოყენებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან 30%-მდე თანხა, რაც ჯამური მონაცემების მხოლოდ მესამედია, რაც, თავისთავად, მეტყველებს შესრულებული საქმეების რაოდენობაზე. მეორეს მხრივ, 22 პროექტში უკვე გამოიყენეს 30%-დან 100%-მდე თანხა; 5 პროექტის შემთხვევაში კი ხარჯებმა გადააჭარბა განსაზღვრულ გეგმას. 2019 წელს ბიუჯეტიდან, ან უფრო მართებული იქნება, ვთქვათ, ხალხის ფულიდან, გამოყოფილია 2.349 მილიონი ლარი, რაც, როგორც აღვნიშნეთ, უნდა მოხმარდეს 80 ინფრასტრუქტურულ პროექტს.
აუდიტის სამსახური ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვა ბრალდებასაც უყენებს. როგორც ჩანს, აღნიშნული პროექტების შემთხვევაში არათუ არ არსებობს პროექტების განვითარების სტრატეგია, არამედ მათი შერჩევისას გამოყენებულია არასტანდარტიზირებული და არაფორმალური პრაქტიკა, რაც მაია ცქვიტიშვილის უწყების არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.
სამინისტრო განცხადებას ჯერ კიდევ არ აკეთებს.