დემოკრატები ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ

აშშ-ს კონგრესში წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა.
პროცედურის დაწყება დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატალეფონო საუბრის გარშემო არსებულ სკანდალს უკავშირდება. დემოკრატები, რომლებიც ქვედა პალატას აკონტროლებენ, დონალდ ტრამპს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
„პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ისეთი ნაბიჯის გადადგმა სთხოვა, რაც მას სარგებელს აძლევდა პოლიტიკური თვალსაზრისით. პრეზიდენტმა კანონი დაარღვია და პასუხი უნდა აგოს,“ – განაცხადა ნენსი პელოსიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ივლისში სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა.
ტრამპის განცხადებით, ბაიდენი უკრაინის ხელისუფლებას მისი შვილის წინაღმდეგ აღძრული საქმის პროკურორის დათხოვნას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტით იმუქრებოდა.