დეზინფორმატორი ბესელია საზოგადოებაში აჟიოტაჟის გამოწვევას ცდილობს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გარკვეულ პირებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ახლაც აშანტაჟებენ.
„საკუთარ შინაგან გაუბედაობას თუ მუხრუჭებს ყველამ თავად უნდა გადააბიჯოს. ეს ისეთი საკითხია, რომელზეც სხვა ვერავინ ისაუბრებს, გარდა ადამიანებისა, რომლებიც აღნიშნული ყველაზე ამორალური მეთოდების გამოყენებით გარკვეულ გავლენას ექვემდებარებიან. არ იქნება ეთიკური, ვისაუბრო იმ ადამიანების ნაცვლად. თავისთავად იმის დაშვება, რომ შესაძლებელია, დღესაც წინა რეჟიმის მსგავსად, ძველმა სისტემამ შეინარჩუნოს თავი ისე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა იმავე მეთოდების გამოყენება, ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი რამაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც წინა ხელისუფლება იყო შესაცვლელი, ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რომელმაც ვერ შეძლო, გაემართა სისტემა იმგვარად, რომ ადამიანებზე ასეთი ზეწოლა არ ხდებოდეს“- განაცხადა ბესელიამ.
დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებას გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს პოლიტიკურ უზნეობასთან მიახლოებული ქმედებაა. ვოლსკის განმარტებით, ეკა ბესელია ამას ალბათ პოლიტიკურ ველზე თავის დასამკვიდრებლად აკეთებს.
კუთხეში მოქცეული დეზინფორმატორი ბესელია საპასუხოდ ვოლსკის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა, მას „მხდალი კაცი“ , „ვითომ არ შემდგარი ძველი ბიჭი”, „არშემდგარი პოლიტიკოსი“ და „უზნეო“ უწოდა. ბესელიას მოულოდნელი და გადაჭარბებული გაღიზიანება მხოლოდ იმის მაუწყებელია, რომ იგი მხოლოდ აჟიოტაჟის ატეხვას აპირებდა საზოგადოებაში სოციალური მედიის მეშვეობით. ძალიან მარტივია სხვისკენ თითის გაშვერა და დადანაშაულება, თუმცა როგორც უკვე გაირკვა ბესელიასთვის პირადი ანგარიშწორება და მიზნები ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას.