საქართველოდან დიდი ბრიტანეთის ბაზარზე 600 ათასი ლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული სასმელი და საკვები პროდუქცია დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 600 000 ლარის ქართული პროდუქცია, კერძოდ: ღვინო, თხილი და ნატურალური წვენები ერთ-ერთ ყველაზე რთულ, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მოხვდა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ბიზნესკავშირები მეწარმეებმა მიმდინარე წლის 17-დან 20 მარტის ჩათვლით, საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე – „IFE 2019” დაამყარეს, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 20 ქართულმა ექსპორტიორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა პირველად წარუდგინეს ქართული  ნაწარმი დიდი ბრიტანეთის ფართო საზოგადოებას.
„IFE 2019“ დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც წელს სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მომუშავე 1350-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.