საქართველოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ავსტრალიელ მოქალაქეს ბრალს დღეს წაუყენებენ

ბავშვთა პორნოგრაფია თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მწვავე პრობლემაა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები, ორგანიზაციები თუ ტექნოლოგიური
კომპანიები გაერთიანებული ძალებით იბრძვიან ამ პრობლემის
აღმოსაფხვრელად, ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების დამზადება, გავრცელება
და მოხმარება მაინც ძალიან ხშირია.
ამ პრობლემამ საქართველოშიც იჩინა თავი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-
გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული დანაშაულებრივი
ჯგუფის 11 წევრიდან რამდენიმე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ზეღდულეთის მცხოვრებია. დაკავებულთაგან ერთ-ერთი უცხოელი
მასწავლებელია, რომელიც საჯარო სკოლაში მუშაობდა. თუმცა
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით
დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე, პოლ გრეგორი ლეხმანი, წარდგენილ ბრალს
არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულს ბრალი
ოფიციალურად დღეს წარედგინება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143
პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით
არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული
ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან
მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.