პენსიებთან დაკავშირებით მთავრობა ინიციატივას ამზადებს

2020 წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროგრამებზე იქნება აქცენტირებული, მათ შორის, ინიციატივა მზადდება პენსიებთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვიტყვი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი სტატუსი არის – გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პროგრამები; ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამები, კაპიტალური ხარჯები და პროგრამები, განსაკუთრებით კრიტიკულად აუცილებელი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ეს ორი კომპონენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში უფრო მეტად ვაგრძნობინოთ თითოეული მოქალაქეს და ოჯახს ეკონომიკური ზრდის სიკეთე და დავძლიოთ სიღარიბე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.