სასტუმრო “სტამბაში” თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სასტუმრო “სტამბაში” თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
სტუმრებმა “აჭარა ჯგუფის” მიერ მუზეუმისთვის დათმობილი სივრცე დაათვალიერეს. ღონისძიება ფრანგი არტისტების დუეტის, ვენსან მუნისა და პრისცილა ტელმონის ვიდეო ინსტალაციით “Unus Mundus: რიტუალები და ტრანსი” გაიხსნა.
მუზეუმის პრეზენტაცია თბილისის ფოტოფესტივალის საიუბილეო, მე-10 გამოშვების გახსნის კვირეულის ფარგლებში შედგა. თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის შექმნა შესაძლებელი გახდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტით – “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისათვის”, ხოლო სივრცე მუზეუმს “აჭარა ჯგუფმა” სასტუმროს “სტამბა” ტერიტორიაზე დაუთმო.