ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს S300-ის ან S400-ის შეძენა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს დრონებისგან დასაცავად S300-ის ან S400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა შესთავაზა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ საუდის არაბეთს შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჭკვიანური სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორც ეს ირანელებმა გააკეთეს, როცა მათ S-300 შეიძინეს და ასევე პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც რუსეთისგან S-400 შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო,“ განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს ანკარაში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებულ თავდასხმაზე არ უსაუბრიათ.